საქართველოს ეროვნული არქივი

home

სესილია თაყაიშვილი - 105

ლეგენდარული ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „სესილია" ეროვნულ არქივში 2011 წლის 18 მაისს გაიხსნა.

გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. სესილია თაყაიშვილის ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს მსახიობის შვილიშვილმა ნატა გოძიაშვილმა, რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ, მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ და თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ.

ეროვნულ არქივში დაცულია სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით გადაღებული 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის კადრები, მათ შორისაა: „აბეზარა" (1956), „ჩვენი ეზო" (1957), „მანანა" (1958), „საბუდარელი ჭაბუკი" (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), „თოჯინები იცინიან" (1963), „პიერი - მილიციის თანამშრომელი" (1965), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (1966), „მალე გაზაფხული მოვა" (1967), „დიდოსტატის მარჯვენა" (1969), „ნერგები" (1972), „ნატვრის ხე" (1977), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1984) და სხვ.

საინტერესოა სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათები, რომელიც მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს: სიუზონი სპექტაკლში „ფიგაროს ქორწინება" (1937); პარასკევა სპექტაკლში „ნაპერწკალიდან" (1937); პრიუდანსი სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე" (1940); ჰერცოგინია გალზბურგი სპექტაკლში „რიუ ბლაზი" (1941); კატარინა სპექტაკლში „ჭირვეული ცოლის მორჯულება" (1943); ბარონესა შტრალი სპექტაკლში „მასკარადი" (1946); ელისაბედ დედოფალი სპექტაკლში „მარიამ სტიუარტი" (1955) და სხვ.

გამოფენაზე ნაჩვენები იყო 1980 წელს რეჟისორ თემურ ბაქრაძის გადაღებული კინონარკვევი „სესილია თაყაიშვილი".

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595