საქართველოს ეროვნული არქივი

home

საზაფხულო სკოლა

საქართველოს ეროვნულ არქივში, 2013 წლის 17-23 ივლისს გაიმართა საქართველოს ეროვნული არქივისა და „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ერთობლივი პროექტი,  ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მკვლევარმა, მათ შორის უცხო ქვეყნის 15-მა და საქართველოს 5-მა მოქალაქემ. უცხოელ მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც დასავლეთ ევროპისა და ამერიკის, ისე საქართველოს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარები, ასევე, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები. მათ შორის: კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, რიჩარდ ჰოვანესიანი; ინგლისელი პროფესორი ისტ-ანგლიას უნივერსიტეტიდან, ფრენსის კინგი. სკოლისთვის სიმბოლური იყო საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავა-ბულეზის მონაწილეობა.

წამყვანმა ქართველმა სპეციალისტებმა სკოლის მონაწილეებს ჩაუტარეს 23 ლექცია, რომლებიც დაყოფილი იყო 5 მოდულად: დემოკრატიული ინსტიტუტები; რესპუბლიკა და უცხოეთი; სამხედრო საქმე; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პრაქტიკა. ყოველი მოდულის ბოლოს, იმართებოდა დისკუსია მრგვალი მაგიდის ირგვლივ, რომელის დროსაც განიხილებოდა მოდულში დასმული საკითხები, პრობლემები და მოსაზრებები. ლექციები და დებატები, ძირითადად, მიმდინარეობდა თბილისში, საქართველოს ეროვნულ არქივში, თუმცა საზაფხულო სკოლის ერთი დღე მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორიასა და მათ შორის 1921 წლის თებერვლის ომს და გასვლითი ლექცია კოჯრისა და ტააბახმელას მიდამოებში ჩატარდა.

გარდა ლექციებისა და დებატებისა, საზაფხულო სკოლის დროს მონაწილეებმა დაათვალიერეს კულტურული ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები. სკოლის ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნენ საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას.

2013 წლის საზაფხულო სკოლამ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“ გაამართლა დასახული მიზნები. საკითხის კვლევით დაინტერესებული ახალგაზრდა უცხოელი მკვლევარები გაეცნენ პერიოდის ისტორიის ძირითად საკითხებსა და მათი კვლევის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას. ქართველმა სპეციალისსტებმა და მკვლევარებმა მოისმინეს არაერთი სასარგებლო მოსაზრება მათი ევროპელი კოლეგებისგან. მრგვალი მაგიდის გარშემო გამართული დისკუსიებიც ორივე მხარისათვის სასარგებლო აღმოჩნდა: წამოიჭრა მრავალი ისეთი საკითხი, რომელშიც ქართველ და უცხოელ ისტორიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენიმე ასეთ საკითხზე მოხდა პოზიციების შეჯერება, რაც სამომავლო სამეცნიერო კვლევებში შესაბამისად აისახება. გარდა ზემოჩამოთვლილისა, უცხოელი მონაწილეები, რომელთაგან უმეტესობა პირველად იყო საქათველოში, ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას, აქ დაცულ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნო.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული არქივი გეგმავს, საზაფხულო სკოლა - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“ ყოველწლიურად ჩაატაროს.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659