საქართველოს ეროვნული არქივი

home

პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა ზუგდიდის იუსტიციის სახლში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენები გრძელდება. ამჯერად ექსპოზიცია ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიხსნა. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენა 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას მოიცავს.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში ტარდება.

არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

ზუგდიდის იუსტიციის სახლში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.

 

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595