საქართველოს ეროვნული არქივი

home

თბილისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი შეემატება

16:25 | 17 მარტი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება, დღეს კი კინოდარბაზის პრეზენტაცია ექსკლუზიურად მოეწყო კინოს სფეროს სხვადასხვა თაობის მოღვაწეებისათვის, ასევე იმ რეჟისორთა და მათ  შთამომავალთათვის, რომელთა ნამუშევრებსაც ეროვნული არქივი ინახავს. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა. 

კინოდარბაზის რეკონსტრუქციის პროექტი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია. 140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში იქნება ერთადერთი კინოთეატრი, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი − განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო და აკუსტიკური სისტემაც. 

„ვფიქრობთ, საგამოფენო პავილიონის მსგავსად თბილისს ეს კინოდარბაზიც ბევრ სიახლეს შემატებს. ჩვენი მიზანია ეროვნულ არქივში დაცული მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმები ფართო საზოგადოებამ, მათ შორის, ბავშვებმა, ნახოს; ასევე გვინდა,  კინოს სფეროს მოღვაწეებისათვის ეს დარბაზი ხელმისაწვდომი იყოს. მისი უნიკალურობა ისიც იქნება, რომ ის კომერციულ მიზნებზე არ იქნება გათვლილი და ხელოვნების ამ სფეროს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კინოდარბაზის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა კინოდარბაზის სახელის საკუთარი ვერსიები წარმოადგინეს,რომელთაგანაც  გახსნის დღისთვის ერთ-ერთი უნდა შეირჩეს.

პრეზენტაციისას კინოდარბაზის ფოიეში გამოიფინა თვითნასწავლი მოქანდაკის, ონელი ზაურ გამყრელიძის, ნამუშევრები. ახალგაზრდა ხელოვანი 14 წლის ასაკიდან პლასტილინით ძერწავს შინაარსით გამორჩეულ ექსპონატებს. 

კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. იმ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების გამართვა იყო. ტექნიკური პრობლემების გამო კინოდარბაზს ფუნქცია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და  დოკუმენტების საცავად იყენებდნენ. 

საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი. 

კინოდარბაზის გახსნის შემდეგ ეროვნულ არქივს საშუალება ექნება მოაწყოს საარქივო ფილმების ფესტივალები, რეტროსპექტივები და თემატური ჩვენებები, რითაც საზოგადოება გაეცნობა  უმდიდრეს ფილმსაცავს.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 612