საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი


დაიბადა 1874 წლის 19 მაისს სოხუმის ოლქის სოფელ ოქუმში, მღვდელ იოანე ჩხენკელის ოჯახში. დაწყებითი განათლება ხონის სასწავლებელში მიიღო და 1891 წელს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1896-1901 წლებში უმაღლეს იურიდიულ განათლებას კიევის, მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში დაეუფლა. 1905-1909 წლებში კი ცოდნა ლაიფციგისა და ჟენევის უნივერსიტეტებში გაიღრმავა.

1912 წელს აკაკი ჩხენკელი რუსეთის იმპერიის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრად ბათუმისა და სოხუმის ოლქებიდან აირჩიეს; იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი და ხელმძღვანელობდა შეკითხვათა კომისიას. 

აღსანიშნავია აკაკი ჩხენკელის წვლილი პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. იგი იყო „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ თავმჯდომარე და, შესაბამისად, გვერდში ედგა ივანე ჯავახიშვილს ამ ჩანაფიქრის განხორციელებისას. 1918 წლის 8 თებერვალს პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელით სწორედ ის თავმჯდომარეობდა. 

ბოლშევიკების მიერ რუსეთის ახლად შეკრებილი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შემდეგ აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიელი დეპუტატებისაგან შექმნილი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს – ამიერკავკასიის სეიმის - წევრი გახდა. 1918 წლის მარტში ტრაპიზონში ოსმალეთთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამიერკავკასიის საზავო დელეგაციას აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. 

1918 წლის 22 აპრილს აკაკი ჩხენკელი ახლად გამოცხადებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. თურქებთან მოლაპარაკებებისათვის იგი ბათუმში სწორედ ამ რანგში გაემგზავრა. ბათუმის კონფერენცია 1918 წლის 11 მაისს გაიხსნა. მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაცია მზად იყო დასთანხმებოდა თურქთა მიერ ტრაპიზონში წამოყენებულ მოთხოვნებს, თუმცა ოსმალეთის მხარე ამას უკვე აღარ სჯერდებოდა და ახალ-ახალ ტერიტორიულ მოთხოვნებს აყენებდა. არსებულ მძიმე ვითარებაში აკაკი ჩხენკელმა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად გერმანიაზე ორიენტირება მიიჩნია. გერმანულ მხარესთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში მყოფი დიპლომატი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქვეყნის დამოუკიდებლობის გადაუდებლად გამოცხადების აუცილებლობაში არწმუნებდა: „საქართველოს დამოუკიდებლობა - აი, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“, – წერს ჩხენკელი 22 მაისს ნოე რამიშვილისათვის ბათუმიდან გამოგზავნილ წერილში, და გაბედულ სახელმწიფოებრივ ქმედებებს მოითხოვს: „ურისკოდ არაფერი არ კეთდება; სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! მაშ საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!“ 

1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში გამორჩეულია აკაკი ჩხენკელის წვლილი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ კოალიციურ მთავრობაში იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 

1918 წლის ივნისში აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა. ეს იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ. 

 1919 წლის თებერვალში რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩხენკელი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს; იყო მომარაგების კომისიის წევრი. 1920 წლიდან კი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას თავმჯდომარეობდა.

1921 წლის 9 თებერვალს აკაკი ჩხენკელი დაინიშნა საგანგებო ელჩად და სრულუფლებიან წარმომადგენლად საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. 

 საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, აკაკი ჩხენკელი 13 წლის განმავლობაში, პარიზში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელის რანგში ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას. დევნილი მთავრობის სახელით მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაში, მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ოკუპანტურ ქმედებებს. ემიგრაციაში კავკასიის რესპუბლიკების კავშირი მისი მონაწილეობით შეიქმნა.

1934 წლიდან, საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ, აკაკი ჩხენკელმა მოღვაწეობა პარიზში გააგრძელა. ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას; 1939 წელს პარიზში „ანჩინის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა ნაშრომი: „სახელმწიფო და ერი“. 

აკაკი ჩხენკელი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1959 წლის 3 იანვარს, პარიზში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595