საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი

ნოე რამიშვილი 1881 წლის 5 აპრილს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა - ჯერ ოზურგეთის, ხოლო შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1901 წელს იურიევის (დღევანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მემარცხენე სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან მალევე გარიცხეს და საქართველოში დაბრუნება მოუხდა. 

სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში სტუდენტობისას გაწევრიანდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბათუმის პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით ბათუმელ მუშათა არაერთი გამოსვლა მომზადდა. კავკასიაში რუსული სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური და მენშევიკური ფრაქციების დაპირისპირებისას გამოდიოდა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) წინააღმდეგ. 

 1904 წელს თბილისში ჟანდარმერიამ დააპატიმრა, თუმცა პატიმრობიდან გაიქცა და არალეგალურად გადავიდა რუსეთში, როსტოვში. 

 1905 წლის რევოლუციის დროს კავკასიაში იმყოფებოდა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. ამავე წელს დაქორწინდა მარო გოგიაშვილზე, რომელთანაც ოთხი შვილი - ბენო, თამარი, აკაკი და ნინა - შეეძინა. 

 1907 წელს ნოე რამიშვილი მონაწილეობდა ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის V ყრილობაში, სადაც პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1907-1908 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1910 წელს დაბრუნდა სამშობლოში და პოლიტიკური საქმიანობა განაახლა. 1913 წელს პეტერბურგში პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციას შეუერთდა და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატ ლიდერებთან ერთად განაგრძო მუშაობა. 

 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართველი სოციალ-დემოკრატების მთავარ გაზეთ „ერთობას“ რედაქტორობდა. 1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. საბჭოში ის სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა. 1918 წლის თებერვალში, როგორც 1917 წელს არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრი, ამიერკავკასიის სეიმის შემადგენლობაში შევიდა. 1918 წლის 22 აპრილიდან იკავებდა ახლად შექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს. 

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობას, ამავდროულად იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მთავრობის ხელმძღვანელობის პირველივე დღეებში ხელი მოაწერა გერმანიასთან თანამშრომლობისა (28 მაისს) და ოსმალეთთან საზავო (4 ივნისს) ხელშეკრულებებს.

 სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით, ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ნოე ჟორდანიას 1918 წლის 24 ივნისს გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა განაგრძო, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა. 1918 წლის ივნის-ოქტომბერში, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის პერიოდში, ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1919 წლის 21 მარტს, როდესაც საყოველთაოდ, დემოკრატიულად არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა დაამტკიცა, ნოე რამიშვილი ერთდროულად სამი უმნიშვნელოვანესი უწყების - შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების სამინისტროების - ხელმძღვანელი გახდა. 

 ნოე რამიშვილის მინისტრობის დროს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სამივე სფეროს მიმართულებით: გაგრძელდა 1918 წელს დაწყებული რეფორმა სკოლებთან მიმართებაში; ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, გაიზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება; გაიზარდა მთავრობის მიერ დასავლეთ ევროპაში ქართველ წარჩინებულ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა; კიდევ უფრო გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ საქმეში გამორჩეულად ეფექტური იყო რამიშვილის მიერ ფორმირებული განსაკუთრებული რაზმი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა ბოლშევიკების მიერ დაგეგმილი პროვოკაციების აღკვეთაში. სამხედრო მინისტრის პოსტზე ნოე რამიშვილის ყოფნისას, 1919 წლის მაისში, საქართველოში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა. 

 ნოე რამიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა და საზოგადოება „რკინის მინისტრად“ მოიხსენიებდა, რადგან ქვეყნის შიგნით წესრიგის უზრუნველსაყოფად ხშირად ხისტი გადაწყვეტილებების მიღება უხდებოდა. 

 საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 1921 წლის 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დატოვა საქართველო. ემიგრაციაში ყოფნის დროს აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში. ნოე რამიშვილი 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 

 ემიგრაციაში მისი ოჯახი, სხვა ქართველი ემიგრანტების მსგავსად, შეჭირვებულად ცხოვრობდა. თავდაპირველად ლევილის ქართულ მამულში დასახლდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში პარიზის მახლობლად გადავიდა საცხოვრებლად. ნოე რამიშვილი ემიგრაციაშიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის აქტიურ წევრად რჩებოდა. 

 საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში ყველაზე დიდ საფრთხედ სწორედ მას მიიჩნევდნენ. 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრებაზე მიმავალი ნოე რამიშვილი ქართველმა ემიგრანტმა - პარმენ ჭანუყვაძემ - მოკლა. მართალია, მკვლელი პოლიტიკურ მოტივს უარყოფდა, თუმცა აქტის პოლიტიკური ხასიათი უდავო იყო. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595