საქართველოს ეროვნული არქივი

home

პოლონეთის ელჩი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ესტუმრა

17:19 | 16 ნოემბერი, 2017

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ეწვია. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირადად უმასპინძლა და არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „რეპრესიები საქართველოში“ დაათვალიერებინა.

1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და მემორიალური ნივთები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.

მარიუშ მაშკიევიჩი ასევე გაეცნო ეროვნულ არქივში დაცულ პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტებს.

საგამოფენო პავილიონში ვიზიტისას ელჩმა ისაუბრა 2018 წელს საქართველოში პოლონული კულტურული მემკვიდრეობის წელთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პოლონეთის ელჩის ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იუსტიციის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმების შემაჯამებელი პრეზენტაცია  გამართა.  შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები, ისე მის გამგებლობაში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტები. მათ შორის იყო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის აშენება, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიხსნა და დღემდე 15-ზე მეტ გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენა "რეპრესიები საქართველოში" 24 ოქტომბერს გაიხსნა და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 659