საქართველოს ეროვნული არქივი

home

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე 

იგი 1864 წლის 9 აპრილს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ფუთში დაიბადა. 

დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. კარლო ჩხეიძე უმაღლეს განათლებას ოდესის უნივერსიტეტსა და ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში ეუფლებოდა, თუმცა ორივე სასწავლებლიდან გარიცხეს.

ნიკოლოზი ადრეული ასაკიდანვე გატაცებული იყო კარლ მარქსის იდეებით, რის გამოც თანამოაზრეებმა კარლო შეარქვეს. 1892 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო ყვირილაში (დღევანდელი ზესტაფონი) გამართულ „მესამე დასის“ დამფუძნებელ კონფერენციაში.

კარლო ჩხეიძე 90-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად გადავიდა ბათუმში, სადაც 1898 წელს ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს. თანამშრომლობდა ჟურნალ „კვალში“ და სხვა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში. იყენებდა ფსევდონიმებს „ნ.ჩ.“ და „კ. ლოსიანთხეველი“. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს ხელმძღვანელობდა ბათუმის გამოსვლებს. 

1907 წლიდან დასახლდა თბილისში, სადაც ნაძალადევის რაიონიდან ქალაქის საბჭოს ხმოსანი გახდა.

1907 და 1912 წლებში იგი ორჯერ აირჩიეს რუსეთის იმპერიის მესამე და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროების წევრად. ორივე სათათბიროში ჩხეიძე სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი იყო. 1913 წელს ფრაქციაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ მენშევიკური ფრაქციის თავმჯდომარე გახდა. იგი სათათბიროში ხშირად გამოდიოდა იმპერიაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტერესების სასარგებლოდ, რის გამოც არაკეთილმოსურნეები მოუმრავლდა. მაშინდელი საზოგადოებისათვის კარგად იყო ცნობილი მისი პოზიცია პოლონეთისა და ფინეთისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხში. სათათბიროში თუ მის გარეთ კარლო ჩხეიძეს ხშირად ესხმოდნენ თავს შავრაზმელი და რეაქციონერი პოლიტიკოსები.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კარლო ჩხეიძე სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა დროებითი მთავრობის შექმნაში. მას სთავაზობდნენ შრომის მინისტრის პორტფელს, რასაც არ დასთანხმდა. ამავე პერიოდში კარლო ჩხეიძე ჯერ - პეტროგრადის (სანკტ-პეტერბურგის), შემდეგ კი სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

1917 წელს რუსეთში ბოლშევიკების ოქტომბრის გადატრიალება კარლო ჩხეიძისათვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მან ამ მოვლენას დაასწრო და თავის კოლეგა ირაკლი (კაკი) წერეთელთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 

1917 წლის 19-22 ნოემბერს თბილისში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე კარლო ჩხეიძე ეროვნული საბჭოს წევრი გახდა. 1918 წლის თებერვალში კი ახალშექმნილი ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კარლო ჩხეიძე საქართველოს ეროვნული საბჭოს (1918 წლის 8 ოქტომბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის) თავმჯდომარე გახდა. 

1918 წლის ბოლოს კარლო ჩხეიძე პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის კანონზომიერება იყო დასაბუთებული. პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელნი მოკავშირეთა საბჭოსგან ამ აქტის ოფიციალურ აღიარებას მოითხოვდნენ. 1919 წლის დასაწყისიდან 1920 წლის სექტემბრამდე საქართველოს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებთან. 

1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოში დამფუძნებელი კრების დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. იმავე წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველივე სხდომაზე, პარიზში მყოფი კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ. მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებასა და მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ კარლო ჩხეიძე მთავრობასთან ერთად იძულებით ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. ემიგრაციაში ყოფნის 5 წლის განმავლობაში იგი აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. 1922 წლის მარტში იგი ახლად დაარსებულ ინტერპარტიულ კომიტეტში აირჩიეს. კარლო ჩხეიძეს, როგორც სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთ ლიდერს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტები თავიანთ შეკრებებზე ხშირად იწვევდნენ. 

კარლო ჩხეიძე აქტიურად იყო ჩართული ჟენევაში „საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტის“ დაარსებაში. იგი ეხმარებოდა იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. 

კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 7 ივნისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვან“, - წერდა ის თავის უკანასკნელ წერილში, რომელიც ეროვნულ არქივში, კარლო ჩხეიძის პირად ფონდში, ინახება. 

კარლო ჩხეიძე 1926 წლის 15 ივნისს პარიზში, ,,პერ-ლაშეზის“ სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595