საქართველოს ეროვნული არქივი

home

გრიგოლ ლორთქიფანიძე

გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯერ სამხედრო, შემდეგ კი განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, პუბლიცისტი და მოაზროვნე.

გრიგოლ ლორთქიფანიძე დაიბადა 1881 წლის 2 სექტემბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ ისრითში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სპირიდონ ლორთქიფანიძისა და მართა პაპავას ოჯახში

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1902 წელს, სწავლა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. იგი აქტიურად ჩაერთო სტუდენტურ რევოლუციურ საქმიანობაში და სხვა სტუდენტებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ,,ჩირაღდანი“ ჩამოაყალიბა. გრიგოლ ლორთქიფანიძე 1904 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. ციხესა და გადასახლებაში მან სამი წელი გაატარა და 1907 წელს კვლავ დაბრუნდა ოდესის უნივერსიტეტში, თუმცა ამჯერად არჩევანი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა. იგი კვლავ ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში, რის გამოც პოლიციის გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 

 1907 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძემ, როგორც მენშევიკმა, მონაწილეობა მიიღო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) მეხუთე (ლონდონის) ყრილობის მუშაობაში. 1909-1911 წლებში ოდესაში იგი სამჯერ დააკავეს. 1911 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც ასევე დააპატიმრეს დ ა მეტეხის ციხეში ჩასვეს. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოდან გადაასახლეს. 1913 წლიდან, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნებას, მუდმივად უცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. 1916 წელს იგი ასე მოხვდა ვორონეჟის გუბერნიის დაბა ურაევოში, სადაც კომერციული სასწავლებლის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ გაიცნო იმავე სასწავლებლის პედაგოგი, ვალუიკელი მრეწველის ტიმოთე ავრამენკოს ქალიშვილი ლუბა, რომელიც მისი მეუღლე გახდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. 

გრიგოლ ლორთქიფანიძე მიესალმა 1917 წლის თებერვლის რევოლუციას. იგი აგრძელებდა პედაგოგობას და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ბოლშევიკების მიერ ამავე წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალება კი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის გამო იგი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ სოფელ ისრითში დასახლდა. 

1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გრიგოლ ლორთქიფანიძე მთელი თავისი ცოდნითა და ენერგიით ჩაება დემოკრატიული რესპუბლიკის აღმშენებლობის საქმეში. ამ პერიოდში იგი ლექციებს კითხულობდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უწევდა მოგზაურობა. გრიგოლ ლორთქიფანიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც თავის თანაპარტიელებში, ისე მთელ ქართულ საზოგადოებაში. 

1920 წლის დასაწყისში გრიგოლ ლორთქიფანიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო (თავდაცვის) მინისტრად და პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში კიდევ უფრო განმტკიცდა პირველი რესპუბლიკის სამხედრო ძალები. 1920 წლის მიწურულს გრიგოლ ლორთქიფანიძემ დატოვა სამხედრო მინისტრის პოსტი და განათლების მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა. 

1920-21 წლებში გრიგოლ ლორთქიფანიძე მის თანაპარტიელ, დამფუძნებელი კრების დეპუტატ პავლე საყვარელიძესთან ერთად, ერობათა კავშირის ჟურნალ ,,ერობას“ რედაქტორობდა. 

1921 წლის 17 მარტს ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საბჭოთა რევკომის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე საქართველოს პირველი დემოკრატიულ რესპუბლიკის დელეგაციას სპეციალური რწმუნებებით აღჭურვილი გრიგოლ ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. რევკომის წარმომადგენლებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ცნობა და სრული კაპიტულაციის გამოცხადება მოთხოვეს. მან პრინციპულად არ მიიღო რევკომის წარმომადგენელთა მოთხოვნა და უარი განაცხადა კაპიტულაციაზე. შეხვედრაზე მხარეები საომარი მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საბჭოთა რუსეთის ჯარს ნებას რთავდა ბათუმის ოლქში შესულიყო და იქიდან თურქეთის სამხედრო ნაწილები განედევნა. ამასთანავე, გრიგოლ ლორთქიფანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბათუმის ოლქში თურქეთის აგრესია აღკვეთილიყო; მისი უშუალო ჩარევითა და მოწოდებით გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილებმა თურქები ბათუმის ოლქის საზღვრებიდან განდევნეს. 

1921 წლის 18 მარტს დამფუძნებელი კრების დავალებით საქართველოს მთავრობა იძულებით ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. გრიგოლ ლორთქიფანიძე მათ არ გაჰყოლია. იგი სამშობლოში დარჩა და ცოლ-შვილთან ერთად მშობლიურ სოფელ ისრითში დასახლდა. 1921 წლის 13 მაისს რევკომმა ის დააპატიმრა. თავდაპირველად ვანის საპყრობილეში ჰყავდათ, შემდეგ კი ქუთაისსა და თბილისში. 1922 წლის 16 დეკემბერს გადაიყვანეს ჯერ მოსკოვის (,,ბუტირკის“) ციხეში, შემდეგ იაროსლავის საკატორღო ციხეში, საბოლოდ კი ვლადიმერის გუბერნიის ქ. სუზდალის სამონასტრო საპყრობილეში მოათავსეს. ამ ციხის მე-13 საკანში 1922-1924 წლებში დაიწერა მისი ნაშრომი ,,ფიქრები საქართველოზე“; გრიგოლ ლორთქიფანიძის ,,ფიქრებში“, საქართველოს ახალი ისტორიის სხვადასხვა პერიოდთან ერთად, დიდი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. გრიგოლ ლორთქიფანიძის ეს წიგნი, რომელიც ციხის საკანში, ყოველგვარი წყაროებისა და ლიტერატურის გარეშე შეიქმნა, ქართული ფილოსოფიურ-ისტორიული ესეისტიკის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. 1925 წელს გრიგოლი სუზდალის ციხიდან გაათავისუფლეს და სამი წლით კურსკში გადაასახლეს, სადაც მან ისევ პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 

1928 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძეს ნება დართეს საქართველოში ჩამოსულიყო ოჯახისა და მოხუცი მშობლების სანახავად. მაშინდელი საქართველოს ხელმძღვანელებმა მას ქვეყნის დათვალიერება და თავისი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვეს. მან ეს თხოვნა შეასრულა და თავისი შეხედულებები და მოსაზრებანი საბჭოთა ხელისუფლებას წერილობით წარუდგინა. ამ წერილში გრიგოლ ლორთქიფანიძემ მწვავედ გააკრიტიკა მაშინდელი საქართველოს პარტიული და საბჭოთა ხელისუფლება. გრიგოლ ლორთქიფანიძე იმ წელსვე კურსკში დააბრუნეს. 

1929 წლის 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირში დიდი ზეიმით აღინიშნა ქვეყნის ლიდერის იოსებ სტალინის 50 წლის იუბილე. კურსკიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ ისეთი მისალოცი დეპეშა გაუგზავნა კრემლში ქვეყნის პირველ პირს, რომ ექვსი თვით ვორონეჟის ციხეში გამოამწყვდიეს, მერე კი იმავე ქალაქში სამი წლით იძულებით ცხოვრება მიუსაჯეს. ამ პერიოდში იგი ვორონეჟის განათლების განყოფილების ინსპექტორად მუშაობდა. 

1935 წლის მარტში გრიგოლ ლორთქიფანიძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები წარუდგინა საკონსტიტუციო კომისიას, რომელსაც სტალინი ხელმძღვანელობდა. ამ შენიშვნებში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებაც. ასევე, გრიგოლ ლორთქიფანიძემ 1936 წელს მწვავე კამათი გამართა საბჭოთა კავშირის განათლების კომისარ ანდრია ბუბნოვთან. ამ დავაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გრიგოლ ლორთქიფანიძე გაამართლა, თუმცა, ზედმეტი პოლიტიკური აქტიურობა გრიგოლ ლორთქიფანიძეს შემდგომში არ აპატიეს. 1937 წლის იანვარში მას ვორონეჟში ამცნეს, რომ ხუთი წლით დაპატიმრებული იყო და ციმბირში გადაასახლეს. 

ლავრენტი ბერიას განკარგულებით, 1937 წლის გაზაფხულზე გრიგოლ ლორთქიფანიძე საქართველოში ჩამოიყვანეს. მის გამოყენებას თითქოსდა არსებული დივერსიული ჯგუფის აღმოსაჩენად ცდილობდნენ, თუმცა ბრძოლებში გამობრძმედილი პოლიტიკოსი ვერ გატეხეს. 

გრიგოლ ლორთქიფანიძე ,,ჩეკას“ საპატიმროში დაკითხვისას, 1937 წლის 2 სექტემბერს, მისივე დაბადების დღეს გარდაიცვალა.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595