საქართველოს ეროვნული არქივი

home

გიორგი ლასხიშვილი

გიორგი ლასხიშვილი - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების პირველი მინისტრი, პუბლიცისტი, დაიბადა 1866 წლის 7 იანვარს (ძვ. სტილით 1865 წლის 25 დეკემბერს) ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჯიხაიშში (სხვა ვერსიით, ქუთაისში).

 ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისას მოსწავლეთა არალეგალური წრის მუშაობაში მონაწილეობდა; გამოსცემდა ხელნაწერ ჟურნალ „სტვირს“. 1885 წელს დაამთავრა გიმნაზია და სწავლა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. 1887 წელს გახდა სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული „ნაროდნაია ვოლიას“ ოდესის კომიტეტის წევრი. იმავე წლის დეკემბერში იგი დააპატიმრეს და ჯერ ოდესის ციხეში ჩასვეს, მერე კი უნივერსიტეტიდან გარიცხეს და სამშობლოში გადაასახლეს. 

ამასობაში ჟანდარმერიამ ოდესის კომიტეტის საქმე გახსნა და 1888 წლის თებერვალში ლასხიშვილი ქუთაისში დააპატიმრეს. მალე სასამართლოც შედგა და გიორგი 5 წლით ციმბირში - ჯერ უსტკამენოგორსკში, ხოლო შემდეგ პეტროპავლოვსკში გადაასახლეს.

1894 წელს გიორგი ლასხიშვილი საქართველოში დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“. იქ „ლალის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა წერილებს. მან თავის გარშემო შემოიკრიბა ეროვნულ-რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი: კიტა აბაშიძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ვასილ წერეთელი, ილია ნაკაშიძე; ისინი ე.წ. „ახალგაზრდა ივერიელები“ ავტონომიის სახით ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის იღვწოდნენ. ილიამ „ივერია“ თანდათანობით მათ გადააბარა, თუმცა ხელისუფლების რეაქციამაც არ დააყოვნა და მალე, 1896 წლის მაისში, გაზეთის გამოცემა აიკრძალა. 

1900-იანი წლების დამდეგიდან ეს ახალგაზრდები ამჯერად გაზეთ ,,ცნობის ფურცლის“ გარშემო გაერთიანდნენ. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა არჩილ ჯორჯაძის საპროგრამო წერილები, რომლებშიც ავტორი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებდა. არჩილ ჯორჯაძის მომხრეებმა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და ამ მიზნით გიორგი ლასხიშვილის ხელმძღვანელობით 1901 წელს საორგანიზაციო (მთავარი) კომიტეტი შექმნეს. კომიტეტის შემადგენლობაში შევიდნენ: გიორგი ლასხიშვილი, არჩილ ჯორჯაძე, გიორგი და ანდრია დეკანოზიშვილები და ვლადიმერ ლორთქიფანიძე. სწორედ ამ კომიტეტმა სპეციალური დავალებით, კერძოდ, საზღვარგარეთ თავისუფალი გაზეთის დასაფუძნებლად გაგზავნა არჩილ ჯორჯაძე და გიორგი დეკანოზიშვილი. 1903 წლის 1 მაისს პარიზში გამოვიდა გაზეთ „საქართველოს“ პირველი ნომერი. ქართულ ვერსიასთან ერთად დაისტამბა გაზეთის ფრანგულენოვანი დამატება „ლა ჟეორჯი“, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო. ამის თაობაზე თედო სახოკია წერდა: „ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროპულ პრესაში ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა და მის პოლიტიკურ უფლებებზე ხმა გაისმა“. ამ გაზეთის ორგანიზებით 1904 წლის 1 აპრილს ჟენევაში გაიმართა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული პოლიტიკური დაჯგუფებებისა და მიმდინარეობების პირველი კონფერენცია, რა დროსაც დაფუძნდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია. სწორედ იმ პერიოდიდან გახდა გიორგი ლასხიშვილი ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თავმჯდომარე.

1904 წელს პარტიის დავალებით იგი მცირე ხნით იმყოფებოდა პარიზში, რათა არჩილ ჯორჯაძის ავადმყოფობის გამო რედაქტორობა გაეწია გაზეთ „საქართველოსთვის“. იმავე ხანებში იგი სოციალისტური პარტიების კონფერენციასაც დაესწრო.

გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, გიორგი ლასხიშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ მოღვაწეობაში: იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის, თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობის, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ბანკის წევრი. 

1907 წელს გიორგი ლასხიშვილი მონაწილეობდა ფინეთში გამართულ რევოლუციურ პარტიათა კონგრესის მუშაობაში. 

1910 წლის მაისში ხელისუფლებამ სოციალ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის ლიკვიდაცია მოახდინა. გიორგი ლასხიშვილი დააპატიმრეს: ჯერ 7 თვით ჩასვეს მეტეხის ციხეში, შემდეგ კი 5 წლით კავკასიიდან გააძევეს. დევნილმა პოლიტიკოსმა საცხოვრებლად ხარკოვი აირჩია. ამ ქალაქში 3 წელი იყო, შემდე კი ბაქოში დასთან გადავიდა. 1913 წელს მას ამნისტია შეეხო და თბილისში დაბრუნდა. 

1917 წელს გიორგი ლასხიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის თებერვალში კი ,,ამიერკავკასიის სეიმის“ წევრი გახდა.

1918 წლის 26 მაისს გიორგი ლასხიშვილმა, რიგით მეოთხემ, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. იმავე დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კოალიციური მთავრობის წევრი - სახალხო განათლების მინისტრი - გახდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე მაშინ მრავალი ამოცანა იდგა. მათგან უპირველესი მნიშვნელობის იყო - სკოლა ეროვნული გაეხადათ. იმ დროს ქართული სკოლა უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა. გიორგი ლასხიშვილი აქტიურად შეუდგა ამ პრობლემის გადაჭრას. მისი მოღვაწეობისას გაიხსნა ახალი სკოლები და მასწავლებლებს ხელფასი მოუმატეს. მისი დამსახურებით რესპუბლიკის ბიუჯეტში განათლების გადაუდებელ საჭიროებათა მოსაგვარებლად თანხების გამოყოფა ხერხდებოდა. გიორგი ლასხიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადებასა და მისი ავტონომიის სრულ დაცვაში. 

წელს გიორგი ლასხიშვილი დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იგი გადახალისებული საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო.

წლის მარტში გიორგი ლასხიშვილი ბათუმში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაში; იგი აპირებდა ემიგრაციაში წასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო. 

1922 წლის თებერვალში გიორგი ლასხიშვილი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. მოგვიანებით მძიმე ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, თუმცა სპეცსამსახურების წარმომადგებლები გამუდმებით უთვალთვალებდნენ. 

1924 წლის აჯანყების დაწყების დღესვე გიორგი ლასხიშვილი კვლავ დააპატიმრეს. ამ ფაქტს მის ოჯახში დიდი ტრაგედია მოჰყვა: დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისმა მეუღლემ იფიქრა, რომ გიორგი ბოლშევიკებმა აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად დახვრიტეს და თავი მოიკლა. ამის გამო გიორგი ციხიდან გაანთავისუფლეს, თუმცა იგი ლოგინად ჩავარდა. გიორგი ლასხიშვილი იძულებული გახდა ჩამოსცილებოდა პოლიტიკურ საქმიანობას; მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში, კოოპერაციულ ბანკში, სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატში.

გიორგი ლასხიშვილი 1931 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

თანაპარტიელი სამსონ ფირცხალავა გიორგი ლასხიშვილის შესახებ წერდა: „მართალია, პარტიის, ასე ვთქვათ, თეორიული იდეოლოგი იყო არჩილ ჯორჯაძე, მაგრამ პარტიის პრაქტიკული მუშაობის ხელმძღვანელი და პარტიის ლიტერატურული მოღვაწეობის მეთაური ყოველთვის გიორგი ლასხიშვილი იყო... ის იყო მუდმივი შეუცვლელი თავმჯდომარე პარტიის მთავარი კომიტეტის, თავმჯდომარე საერთო კრებებისა და პარტიის წარმომადგენელი პარტიათაშორის თუ საერთაშორისო კონგრესებზე. იგი აძლევდა ტონს პარტიის გაზეთებს და სხვა გამოცემებს. ეს სრული ლიდერობა მას არ დაუტოვებია ერთ წუთსაც 30 წლის განმავლობაში. ის მოკვდა ამ საპატიო პოსტზე. ის იყო პარტიის დარაჯი სულის ამოხდამდე“ (ჟურნ. „სახალხო საქმე“, 1932, IV, გვ. 7).

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595