საქართველოს ეროვნული არქივი

home

ევგენი გეგეჭკორი

ევგენი გეგეჭკორი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე და უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.

ევგენი გეგეჭკორი 1881 წლის 3 (15) იანვარს მარტვილში დაიბადა. საშუალო განათლება ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. 1902-1906 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ის მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.

1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ევგენი გეგეჭკორი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის საოლქო სასამართლოში ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, მან მაზრაში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატის სახელი მოიხვეჭა.

1907 წელს ევგენი გეგეჭკორი რუსეთის მესამე სახელმწიფო სათათბიროს წევრი გახდა. რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მან თავი წარმოაჩინა, როგორც პრინციპულმა პოლიტიკოსმა და კარგმა ორატორმა. სათათბიროში იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კარლო ჩხეიძესთან ერთად ის გამოდიოდა რუსეთის იმპერიაში ე.წ. ,,ინოროდცების“ წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის კრიტიკით. დეპუტატის რანგში ევგენი გეგეჭკორი აქტიურად იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ასევე ყურადღებას ამახვილებდა 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღებასა და სიტყვისა და პრესის თავისუფლებაზე. ახალგაზრდა პოლიტიკოსის ასეთი აქტიურობა და პოპულარობა კი იმპერიის სამთავრობო წრეების შეშფოთებას იწვევდა.

ევგენი გეგეჭკორმა 1912 წელს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროშიც იყარა კენჭი და გაიმარჯვა, თუმცა მთავრობამ მისი გამარჯვება გააბათილა და ამიტომ სათათბიროს დეპუტატი ვერ გახდა. იმ პერიოდში იგი აქტიურად ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობასაც. მისი ფსევდონიმები იყო: „ე. გ-რი“ და „ე. გ. რი“.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში დროებითმა მთავრობამ ევგენი გეგეჭკორი ქუთაისის გუბერნიის კომისრად დანიშნა. შემდეგ იგი გადავიდა თბილისში, სადაც მუშათა და ჯარისკაცთა საოლქო-სარევოლუციო ცენტრის თავმჯდომარედ აირჩიეს. იმავე წლის ნოემბერში გეგეჭკორი მენშევიკური ფრაქციის სიით რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

1917 წლის ოქტომბერში ბოლშევიკების გადატრიალება ევგენი გეგეჭკორისა და მისი თანამოაზრეებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბჭოთა რუსეთთან მათ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს.

1917 წლის 15 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორი ახლად შექმნილი რეგიონული სახელისუფლებო ორგანოს - ამიერკავკასიის კომისარიატის - თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს იყო ადგილობრივი მთავრობა, რომელსაც შექმნილ პირობებში სამხრეთ კავკასია უნდა ემართა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ეროვნულ ყრილობაზე ევგენი გეგეჭკორი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი გახდა.

1918 წლის 6 იანვარს ძალაუფლების დაკარგვის შიშით ბოლშევიკებმა 1917 წლის ნოემბერში არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრება დაითხოვეს. კრების იმ წევრებმა, რომლებიც ამიერკავკასიიდან იყვნენ არჩეულნი, 1918 წლის 22 იანვარს მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს - ამიერკავკასიის სეიმის - შექმნის თაობაზე. სეიმის პირველი სხდომა 1918 წლის 10 თებერვალს გაიმართა. სწორედ ამ საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ევგენი გეგეჭკორი ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარედ და სამხედრო მინისტრად.

ეროვნული საბჭოს წევრის რანგში ევგენი გეგეჭკორმა 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ამავე წლის 2 ივნისს იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამ ამპლუაში მისი მთავარი საზრუნავი საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარება იყო.

1919 წლის თებერვალში ევგენი გეგეჭკორი საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად აირჩიეს. იმავე წლის 21 მარტის სხდომაზე ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნა. მოგვიანებით (1921 წლიდან) მან იუსტიციის მინისტრის თანამდებობა შეითავსა. ამავდროულად, ევგენი გეგეჭკორი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეც იყო.

1920 წლის სექტემბრიდან ევგენი გეგეჭკორი ევროპის ქვეყნებში საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარების საკითხზე მოლაპარაკებებისათვის მიავლინეს. მას უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯოვანი ჯოლიტისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ეტიენ მილიერანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდ ბრიანთან, დიდ ბრიტანეთში კი - პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ ჯორჯთან. თითოეული მათგანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ახასიათებდა, როგორც გამოცდილ დიპლომატსა და პოლიტიკოსს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მცდელობამ შედეგი გამოიღო და 1920 წლის 26 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე იურედ აღიარა. „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო“, - შემდგომში ხშირად ამბობდა დიპლომატი. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ და მოქალაქეებმა ეს სასიხარულო ამბავი პარიზიდან სწორედ ევგენი გეგეჭკორისგან შეიტყვეს.

1921 წლის მარტში, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, ევგენი გეგეჭკორმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დატოვა საქართველო და იძულებით ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში, ემიგრაციაში ყოფნისას, იგი 33 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აქტიურად იბრძოდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. გამოცდილი დიპლომატი მონაწილეობდა სხვადასხვა მოლაპარაკებასა და აქციაში. ესწრებოდა ერთა ლიგის და მისი ასოციაციის კრებებს, სოციალისტების საერთაშორისო კონგრესებსა და ღონისძიებებს.

1926 წელს ევგენი გეგეჭკორი მონაწილეობდა კავკასიის განთავისუფლების კომიტეტის ჩამოყალიბებაში.

1927 წელს მას დიდი ტრაგედია შეემთხვა - ვაჟიშვილი გარდაეცვალა.

1951 წლიდან ევგენი გეგეჭკორი დიდი ენთუზიაზმით ჩაება ანტისაბჭოთა მოძრაობაში. ემიგრაციული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იგი აქტიურად თანამშრომლობდა ბოლშევიზმთან ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან და მიუნხენში დაფუძნებულ რადიო „თავისუფლებასთან“. გამოცდილი დიპლომატი ძალას არ იშურებდა ემიგრაციაში მყოფი ყველა ანტიბოლშევიკური ძალის გასაერთიანებლად.

ევგენი გეგეჭკორი 1954 წლის 5 ივნისს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595