საქართველოს ეროვნული არქივი

home

ჯილიან ევისონის საჯარო ლექცია უორდროპების კოლექციის შესახებ

19:01 | 14 ივლისი, 2017

image

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა, ჯილიან ევისონმა, გამართა პრეზენტაცია თემაზე „უორდროპების კოლექცია: ქართული წიგნები და არქივები ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში“. 

ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია ქართულ ხელნაწერთა და ნაბეჭდ წიგნთა მდიდარ  კრებულს ფლობს. სამეცნიერო წრეებისათვის კარგად ცნობილი ე.წ. უორდროპების კოლექციის ცალკეული ხელნაწერები დიდი ხანია შესწავლის საგანია. გარდა იმისა, რომ ეს კოლექცია ქართველი ხალხის კულტურული ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ასახავს, ამავდროულად, იგი ორ ხალხს შორის მეგობრობის უტყუარი მოწმეა; საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავმა მებრძოლებმა და ქართული კულტურის ქომაგებმა, მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა, სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

ჯილიან ევისონის მოხსენების თემა სწორედ უორდროპების კოლექციას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს ეხება.

ჯილიან ევისონი სწავლობდა თეოლოგიას ოქსფორდში, სენტ ჯონის კოლეჯში, რის შემდეგაც სადოქტორო დაიცვა აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით ოქსფორდის ვოლფსონის კოლეჯში კლასიკური ინდუიზმის განხრით.

2009 წლიდან არის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობს იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების სექციას, უძღვება ბიბლიოთეკართა კურატორების ჯგუფს, ბიბლიოთეკის ვებგვერდის მენეჯერებსა და პროექტის პერსონალს. მისი პროფესიული ინტერესი მოიცავს აკადემიურ საზოგადოებასთან მუშაობას ბიბლიოთეკის კოლექციებისა და მათი ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად; დიგიტალიზაციას და ელექტრონული კატალოგების შექმნას ხშირად სხვა კვლევით ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობით; ასევე  ბიბლიოთეკის საქმიანობის მხარდაჭერას საჯარო გამოფენების, აკადემიური სემინარებისა და სასწავლო დღეების საშუალებით. იგი იყო ბოდლის ბიბლიოთეკის 2015 წლის გამოფენის Armenia: Masterpieces from an Enduring Culture ხელმძღვანელი.

ამჟამად მუშაობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულ მკვლევარ ნიკოლოზ ალექსიძესთან ერთად პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყოს ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 659