საქართველოს ეროვნული არქივი

home

ნიკოლოზ საღარაძის ფოტოების გამოფენა

ფოტოგრაფ ნიკოლოზ საღარაძის კოლექციის მინის ნეგატივებზე დაცული ფოტოები 2014 წლის 6 მაისს პირველად გამოფინა. 

ექსპოზიცია გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ნიკოლოზ საღარაძის შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საღარაძის კოლექციის 70-მდე ფოტო, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი იყო. მათზე აღბეჭდილნი არიან მე-20 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები. 

ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლების მსგავსად, საღარაძეც, ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო  და კულტურის მოღვაწეებს იღებდა. 

1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიეს ფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე თუ მელქონ კაჩუხაშვილი. 

გამოფენისათვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციასა და წარმოდგენილ ექსპონატებზე.  

ფოტოგამოფენა ერთ კვირას გაგრძელდა.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595