საქართველოს ეროვნული არქივი

home

სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა 1926 წელს დაარსდა. მის დაარსებასა  და შემდგომ განვითარებაში  დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერებმა: სარგის კაკაბაძემ, ალექსანდრე წერეთელმა, სიმონ ესაძემ, იასე  ცინცაძემ, ვიქტორ ბროსემ და სხვებმა.

წიგნადი ფონდით დაკომპლექტების ძირითად წყაროს წარმოადგენდა  რუსეთის იმპერიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიკვიდირებული დაწესებულებებიდან,  წერილობით დოკუმენტებთან ერთად შემოტანილი ბეჭდური მასალები.

ასევე, წიგნსაცავში დაიდო ბინა საქართველოს ეკლესია-მონასტრებსა თუ ცალკეულ ოჯახებში აღმოჩენილმა უნიკალურმა წიგნებმა  და პერიოდულმა გამოცემებმა. 2010 წელს ფონდს ყოფილი მოსკოვის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს  ფილიალის ბიბლიოთეკის (იმელის) რარიტეტული წიგნები და პერიოდული გამოცემები შეუერთდა.

ბიბლიოთეკას სხვადასხვა დროს ეწოდებოდა: ცენტრარქივის აკადემიური ბიბლიოთეკა; ბეჭდურ ნაწარმოებთა ცენტრარქივის აკადემიური ბიბლიოთეკა; საქართველოს ცენტრარქივების სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის პირველი თანამშრომლები იყვნენ: მ. თუმანიშვილი - ბიბლიოთეკის გამგე, ვ, ბროსე, ვლ. ელნიცკი, ე. ხოსროშვილი, ნ. ხოშტარია.

ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში დაცულია ყველა დარგის სამეცნიერო-საცნობარო  ლიტერატურა  ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ  და სხვა ენებზე. ამჟამად, ბიბლოთეკაშია 80 000 ერთეულამდე წიგნი და პერიოდული გამოცემების 50 ათასამდე ნომერი ინახება.

ბიბლიოთეკაში დაცულია ძველნაბეჭდი წიგნების კოლექცია, რომელიც 20-30-იან წლებში ექსპედიციის შედეგად მოპოვებული ლიტერატურისგან შეიქმნა. ეს არის 1674-1900 წლებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, რომსა და სხვა ქალაქებში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. მათი საერთო რაოდენობა 492 ერთეულს შეადგენს. სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში მეცნიერების თითქმის ყველა დარგის ლიტერატურაა თავმოყრილი.

მკვლევარს შეუძლია ისარგებლოს უნიკალური მასალებით, რომელიც მოიცავს  კავკასიისა და საქართველოს XVIII  საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისის ისტორიულ დოკუმენტებს. თბილისში გამოცემული გაზეთებიდან ყველაზე ადრინდელია „თბილისის უწყებანი“ (1828-1832 წწ.); ქართული ჟურნალებიდან კი - „ცისკარი“ (1852წ.). ასევე, მნიშვნელოვანია კარტოგრაფიული ფონდი, რომელიც XIX-XX საუკუნების დასაწყისის კავკასიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ასახავს.

ბიბლიოთეკის  საცავში დაცული უნიკალური ფონდებით სარგებლობა შეუძლიათ თანამშრომლებსა და მკვლევარებს.

მკითხველს შეუძლია ბიბლიოთეკაში დაცული ფონდის ასლების გადაღება, სკანირება და სხვა (მომსახურების ტარიფი, საფასურისგან გათავისუფლებისა და შეღავათებით სარგებლობის წესი დადგენილია „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართით. იხილეთ ბმული.); ასევე, შეუძლიათ მათთვის საინტერესო მედიის შესახებ ინფორმაცია შეუკვეთონ ონლაინ რეჟიმში, სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ (შეკითხვა ბიბლიოთეკას).

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ანბანური, სისტემატური, საგნობრივი,  ასევე, რუკების, რუსულენოვანი ფონდის ქრონოლოგიური კატალოგი,  ჟურნალ-გაზეთების კარტოთეკა. მედიები დალაგებულია უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით.

 

სამუშაო დღეები:  ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო  საათები მკითხველთათვის: 10.00 – 17.30

კონტაქტი:
ტელ: 0995 322 37 13 49

 

თანამშრომლები:

1 თამარ ბჟალავა
უფროსი 577340500 tbzhalava@archives.gov.ge
2 ლამარა მაისურაძე
მთავარი სპეციალისტი   lmaisuradze@archives.gov.ge
3 ლანა გამისონია
უფროსი სპეციალისტი   lgamisonia@archives.gov.ge

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595