საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს პირველი რესპუბლიკა

2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გალერეაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა გაიხსნა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით.  1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებას პირველად უჩვენეს,  მათ შორის ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის, არქივი.  

გამოფენა გახსნა იუსტიციის მინისტრმა, მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ქართველი ემიგრანტისა და ლევილის შატოს მოამაგის, მამია ბერიშვილის, მემკვიდრე ტიერ ბერიშვილი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაციას ხელმძღვანელობს.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 140 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია, ასევე ხუთი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლის წინათ გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიიღეს  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი ძალზე პროგრესული სამართლებრივი აქტია.
 
სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია დროებით დამარცხდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოფენენ ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის, დოკუმენტებს პირადი საარქივო ფონდიდან. მათი  ციფრული ვერსიის საქართველოში ჩამოტანა ჟენევის გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკიდან 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით მოხერხდა.

გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი.

ღონისძიება ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595